ზუგდიდის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის შედეგებზე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გაბათილების შესახებ არ დააკამყოფილა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ოპოზიციურ პარტიას ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად საკმარისი მტკიცებულებები არ ჰონდა წარდგენილი.
თავის მხრივ „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს მმართველი პარტიას.
ენმ ამ შედეგის გასაჩივრებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ აქვთ სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი.
„სასამართლომ თეთრზე თქვა შავიაო, შავზე თეთრიაო – სწორად მოიქცაო “ქართული ოცნება”, როცა გააბათილა ეს შედეგები და ძალით, ყველანაირი კანონის უგულვებელყოფით გადაასწორა შედეგები და მოგება მიაწერა თავის, “ქართული ოცნების” კანდიდატს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ფიფიამ.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის საჩივარი, მე-11 საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე.
შედეგად, “ქართულ ოცნებას” 12 ხმა დაემატა, გახარიას პარტიას 2, ერთი კი ენმ-ს.
ამ გადაწყვეტილებით, ოლქში პირველი ტურის შედეგი შეიცვალა და თუ მანამდე კონკურენტზე ორი ხმის უპირატესობით იმარჯვებდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მანუჩარ ფიფია,გადათვლის შემდეგ გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა.
ენმ-ში თვლიან, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ოლქში შენახული დალუქული კონვერტები გახსნა და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩაასწორა ბიულეტენები.
ავტორი: თეა შონია











