„ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი” – ამ ფორმით, ზუგდიდში, ერთი კაცის აქცია, მესამე დღეა სამხარეო ადმინისტრაციის წინ გრძელდება.
გუშინ როსტომ ზარანდიას, კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა შეუერთდა. ორივე მათგანი სწორედ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.
„გუშინ პროტესტის მეორე დღე იყო და მე გუშინდელისთვის დამაჯარიმეს, ის კაცი გუშინწინდელისთვის. ვითხოვე, მეც ისეთივე პრივილეგიით მესარგებლა, თანაბარ მდგომარეობაში ჩავეყენებინეთ და ჩემთვისაც ერთი დღის გამოტოვებით დაეწერათ ჯარიმა.
უცნაურ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება, გაჯარიმებენ და გიხარია.
კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ რამე ახალი კი არ გაქვს მოსაპოვებელი, იმისთვის იბრძვი არ წაგართვან, ან მოგცენ რაც ისედაც გეკუთვნის.”,-ამბობს მარიამი.
ზარანდიამ პროტესტი ორი დღის წინ დაიწყო.
ავტორი: თეა შონია











