ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღის ძიძას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეორე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შესაძლოა 12 ოქტომბერს ვერ განახლდეს – ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს” ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ განუცხადა.
„სასწავლო პროცესი ბაღებში 12 ოქტომბერს იწყება,ამ კონკრეტულ ბაღში კი თანამშრომლები მორიგეობით დადიოდნენ და სწორედ ძიძას დაუდასტურდა კორონავირუსი”,-აღნიშნა თოლორაიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა.
ხათუნა თოლორაიას განცხადებით, ნომერ მეორე საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.
თოლორაიას თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი აღნიშნულ საბავშვო ბაღში განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი. საბოლოო პასუხი ეპიდკვლევის დასრულებისთანავე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ავტორი: თეა შონია











