დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც ბატონმა ლავროვმა ახსენა, ამ საკითხის განხილვა ამ ვითარებაში ვერ მოხდება, დღის წესრიგში ვერ დადგება – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოხდა მას შემდეგ, რაც განხორციელდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არანაირი წინსვლა არ არსებობს. იცით, თუ რაოდენ რთული ვითარებაა, როგორ ირღვევა ადამიანების უფლებები, როგორ ხდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფა. ასე რომ, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც ბატონმა ლავროვმა ახსენა, ამ საკითხის განხილვა ამ ვითარებაში ვერ მოხდება, დღის წესრიგში ვერ დადგება.
სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული წინსვლა, შეიძლება, ითქვას – გარღვევა, რათა რაღაც ეტაპზე ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წელს აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საავიაციო მიმოსვლას, ფრენები საქართველოს მიზეზით არ შეჩერებულა.
„ჩვენ დაინტერესებული ვიყავით და ვართ, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, მაგრამ ეს ზოგადად, უნდა განვიხილოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში და ამასთან არის დაკავშირებული.
რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, ვფიქრობ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ეს საკითხი შეიძლება, დაიძრას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ლავროვმა ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხი იქნება.











