პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სუს-თან სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის ის 200 ლარით დააჯარიმეს.
„საბოლოო ჯამში აქ მომიყვანეს, ახლაც სად ვარ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. 200 ლარით დამაჯარიმეს სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის, თუ რაღაც ასეთი. როგორც მითხრეს დამაჯარიმეს 125-ე მუხლის მე-5 და თუ სწორად მახსოვს, მე-9 ნაწილით. გარდა ამისა, 173-ე მუხლით არის საქმე აღძრული დაუმორჩილებლობაზე, ოღონდ რას არ დავემორჩილე, არ ვიცი, რადგან მათი არანაირი ბრძანება არ გამიგია, მანქანაში ვიჯექი, პლუს მანქანა არის საჯარიმოზე გადმოყვანილი და მანქანის გადმოყვანაზე იქნება ალბათ ჯარიმა გადასახდელი.
მანქანიდან მე თვითონ გადმოვედი, რომ დამსვეს ერთ-ერთ ტელევიზიაში ეთერში ვიყავი, ეთერი რომ დავამთავრე, გადმოვედი. მე ვერ დამაკავეს, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ დავწერე განცხადება სტატუსის შეჩერებაზე, ჯერ კიდევ მაქვს დეპუტატის სტატუსი, რადგან ჯერ კენჭი არ უყრიათ. ჩემი 5 მეგობარია 5 ქალაქში დაკავებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს.











