ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ მისი ძმა მკვლელობის დღეს საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს უნდა შეხვედროდა, – ამის შესახებ შვედეთში მცხოვრებმა ზურაბ ხანგოშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა, ვისთანაც ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობამდე ჰქონდა კონტაქტი.
„სასამართლოზე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. ჯერჯერობით მოწმეების დაკითხვის პროცესი არ არის დამთავრებული. ჩვენ როგორც ვიცით, ეს პროცესი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, თუ პანდემიის გამო რამე სხვა შეფერხება არ იქნება. რაც შეეხება სანდრას, მე ვიცოდი, რომ მაგ საღამოს უნდა დახვედრილიყო ჩემი ძმა სანდრას. ჩემმა ძმამ რესტორანში მიწვევის ორგანიზება გააკეთა, დაჯავშნა რესტორანი. იქ უნდა მიეწვია, სანდრასთან ერთად, მისი შვილი ედუარდი და რძალიც. მასპინძლობა უნდა გაეწია ჩემს ძმას. იქ ჩასვლის მიზანი კი, მე ვიცოდი, რომ ჩეჩნეთის დიასპორასთან შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი. ჩემმა ძმამ ამის ორგანიზება გაუწია, მოლაპარაკებული იყო, ვის უნდა შეხვედრილიყო, ანუ იჩქერიის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს გერმანიაში ცხოვრობენ. ეს ინფორმაცია მე ვიცოდი. რაც შეეხება ამით სასამართლოს დაინტერესებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ დღეებში ვინც ეკონტაქტებოდა, ყველას დაკითხავდნენ, გამოძიება ასე ხდება ხომ, უნდა დაკითხონ“, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
ზურაბ ხანგოშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ზელიმხან ხანგოშვილის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე.
„ჩემი ძმა თბილისში ცხოვრობდა იმ პერიოდში. რა თქმა უნდა, ისეთ გასაჭირ საკითხებში ჩაერთვებოდა ხოლმე, მაგალითად, როგორიც იყო ლოპოტის ხეობის სიტუაცია. ამ სიტუაციაში მოლაპარაკებებზე იყო მისული, რომ განმუხტულიყო ეს სიტუაცია. სამწუხაროდ, ცუდად დასრულდა, მაგრამ რაც შეეძლო, იმას აკეთებდა, რომ არ დაძაბულიყო ვითარება“, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს.











