ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მომხდარი მოვლენების გამო მიიღო.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება.”,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან 7 პირი ამოიყვანეს, მათგან 5 ადამიანი გარდაცვლილი იყო, ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა, ხოლო 36 წლის კაცი სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ადგილზე მობილიზებულია 300-მდე მეხანძრე-მაშველი, სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.











