15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.











