15 მარტიდან დღემდე, კახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 251 ადამიანია აცრილი.
„ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინით აცრილების ნაწილი მედიკოსები, ხოლო ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაშვებული ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს, აცრისთვის საჭირო ადგილების ნაკლებობით ხსნის.
„მე ვფიქრობ, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. აქამდე მხოლოდ სამ დაწესებულებაში იყო აცრა შესაძლებელი. უკვე ყველა მუნიციპალიტეტში მზად არის, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მოწყობილი აცრის კაბინეტები. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა და მედპერსონალიც გააქტიურდება“,- განაცხდა ხიზანიშვილმა.
რეგიონის სამედიცინო პერსონალის ნაწილი, ვაქცინის გაკეთებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. ჯერჯერობით, არ აქტიურობს 55 და 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაც.
ვაქცინაცია კახეთში, 15 მარტს, თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან დაიწყო. რეგიონში შეტანილი „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინის 3000 დოზიდან, მხოლოდ 7,5 %- ია ათვისებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











