ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრობს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეპიდსიტუცია მძიმდება და 1500-ზე მეტი შემთხვევა უკვე კრიტიკულ ზღვარს ნიშნავს.
მისი თქმით, არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის სკოლების ბანაკი, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა.
„არ არის რთული გასაგები, რამ შეუწყო ხელი ინფიცირებულთა ზრდას. ბოლო პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე. მათ შორის, ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებიც ბევრი გაიმართა. ბავშვთა ბანაკებიც იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკებიც და სპორტული ღონისძიებებიც ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი იყო. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები.
საკოორდინაციო საბჭო დააკვირდება ეპიდვითარებას. დღეს არის მთავარი ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. ვაქცინა, ნიღაბი და სოციალური დისტანცირება რამდენადაც შესაძლებელია, არის მთავარი გამოსავალი. არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად სკოლების ბანაკი, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.3 %-ია.











