20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას განაჩენს ერთობლივ განცხადებით ეხმაურება.
ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღმოფხვრა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.
გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება,“ – წერია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები:
„ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“.











