ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განამრტებით, კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – 564. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ საჩივრის წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ბოლო წლებში საჩივრების წარდგენის პროცედურის ანალოგიური იყო“,- განაცხადა მან.
გიორგი სანტურიანმა შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან, განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 4 შემთხვევაში, მცირე გამონაკლისის გარდა შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრების წარდგენის პროცედურის დარღვევის გამო, საჩივრების განუხილველად დატოვების შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორის შესახებ, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ.
რაც შეეხება ინფორმაციას შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით – საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დღეის მდგომარეობით, გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შეთხვევაში განცხადება/საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯამში, გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს.
აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ამჟამად სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს საქმეთა განხილვა და ინფორმაციის განახლებასთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება განახლებული ინფორმაცია“,- განაცხადა გიორგი სანტურიანმა.











