“პრაიმტაიმ ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გურიის რეგიონში დიდთოვლობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილები პარალიზებულია, შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება, დროებით დახურულია სკოლა.
შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ “პრაიმტაიმ ნიუსი” გურიის ახლად დანიშნულ გუბერნატორს, გიორგი სახოკიას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რეგიონში შექმნილი პრობლემები, რომელიც უამინდობამ გამოიწვია, გურიის დიდ ნაწილში აღმოფხვრილია. ხოლო იმ ლოკაციაში, სადაც ჯერ კიდევ შეზღუდვებია, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“რეგიონში დიდთოვლობას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. მართალია, ზოგიერთ სოფელში შიდა გზებზე გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა სოფლის მთავარი გზა ყველგან გაწმენდილია. ტექნიკა სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს და მთელი ღამის განმვალობაში იმუშავებენ.
რაც შეეხება სკოლებს, არცერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. მთელ რეგიონში, მხოლოდ ჯუმათის სკოლაში ხვალ, სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდება.
ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ კი ასეთი ვითარებაა: დიდთოვლობამ ელექტრო გადამცემი ბოძები დააზიანა. დღის განმავლობაში, სადაც ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო, თითქმის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში აღდგენილია. საერთო ჯამში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 250 კომლი არის დენის გარეშე დარჩენილი.
მინდა, კიდევ გავიმეორო, რომ აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მეტეოროლოგიური მდგომარეობა რთულია, ინტენსიურად თოვს, თუმცა რეგიონში შექმნილ პრობლემებს ვუმკლავდებით.” – აღნიშნა გუბერნატორმა.
ცნობისთვის, გურიის გარდა, ქვეყნის მასშტაბით გზებზე გადაადგილების, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები დანარჩენ რეგიონშიც შეიქმნა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.











