„ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თქვენ ხედავთ რომ ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ჩვენი ერთადერთი მოწოდება არის რომ, მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე.
რადგან სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და რადგან თემა არის მგრძნობიარე, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
ამ საკითხის მეტი პოლიტიზება, ბუნებრივია, არ შეიძლება, მითუმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე, მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ მათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სააკაშვილმა გვარამიამ და სხვებმა, თვითონ სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება.
სააკაშვილმა მათ შორის, არ ვიცი წამოცდენა თუ რა იყო, რომ 70–80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში, არ ვიცი, ამან, ბუნებრივია, დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება რამე მართლა ძალიან მძიმე იყოს.
ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას. ამ საკითხის პოლიტიზება არ არის სწორი. ეს არის მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ საქმის დეტალები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.











