თუ ხელისუფლება მზად არის, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და იმ 6 პუნქტის გარშემო ვიმსჯელოთ, ბუნებრივია, დიალოგის პროცესში შეიძლება წარმოიშვას რაღაც საკითხები, რომელიც იქნება განსახილველი – წინასწარ რაღაც კომპრომისებზე საუბარი გაუგებარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ოპოზიციის პრინციპული საკითხი იმისათვის, რომ დიალოგი გაიხსნას, იმისათვის, რომ ჩვენ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გავიაროთ პუნქტობრივად შარლ მიშელის მიერ დატოვებული ყველა ის საკითხი, რომელიც ბევრ განსახილველ საკითხთა ნუსხაშია. რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა არის ის, რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულებები. ჩვენ თუ შედგება ასეთი მოლაპარაკებები, როდესაც მივალთ, პირველი და ერთადერთი საკითხი, რაც გვექნება განსახილველი, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, რა თქმა უნდა, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, არ გადაწყდა დადებითად, ბუნებრივია, აზრი არ ექნება არანაირი მოლაპარაკებების გაგრძელებას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსაზღვრავთ საკითხებს, რომელი საკითხი უნდა განვიხილოთ და რომელი უნდა გადავდოთ გვერდზე. ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ ხელისუფლება არ წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე ანუ ჩვენ არ მივუსხედით მოლაპარაკებების მაგიდას და არ დავიწყეთ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საკითხებზე მსჯელობა, ბუნებრივია, იქნება საპროტესტო ტალღა, იქნება მასობრივი საპროტესტო ტალღა.
შარლ მიშელის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკოსები ერთვებიან ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საკითხებში, ბუნებრივია, ამან შედეგები უნდა გამოიღოს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ, ეს ძალიან მაღალი რანგი, რომელიც დააწესა ევროკავშირმა საქართველოს მიმართებაში,იქნება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ დავძრათ ყინული და დავიწყოთ რეალური მოლაპარაკება. გაუგებარია, რა კომპრომისს ელოდება ხელისუფლება? თუ ხელისუფლება მზად არის, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და იმ 6 – პუნქტის გარშემო ვიმსჯელოთ, ბუნებრივია, დიალოგის პროცესში შეიძლება წარმოიშვას რაღაც საკითხები, რომელიც იქნება განსახილველი. წინასწარ რაღაც კომპრომისებზე საუბარი, მე ვფიქრობ, რომ არის სრულიად გაუგებარი. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები და შემდგომ მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდება კონკრეტული საკითხები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.











