მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.
„მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება. ვერ ვიმუშავე იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად. ჩვენ შეიძლება, ყველას იმედი გვქონოდა, დაწყებული შუა საუკუნეებიდან, მეფის, ამირსპასალარის, თანამედროვე დროში მაჟორიტარის, ან რაიკომის მდივნის, პრეზიდენტის, მაგრამ არასოდეს გვქონია მოსამართლის იმედი.
ჩვენ ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს და მოსამართლეებს ადამიანები დაეცვათ, მთავარი შეცდომა დავუშვით, მართლმსაჯულების განხორციელება კომუნისტების მონებს მივანდეთ. საბჭოთა მოსამართლეები მონები იყვნენ, კლოუნი მონები, რომლებიც ადამიანთა ინტერესებს კი არ ითვალისწინებდნენ ან ადამიანებს კი არ იცავდნენ სისტემისგან, არამედ პირიქით, სისტემას იცავდნენ ადამიანებისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, „დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა“.










