ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ყურადღებას აქცევს, იცავს და ზურგს უმაგრებს მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებდნენ ზაზას თავისუფლებისთვის… და ეს დღეც დადგა.
ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ და ყოველთვის ყველა ინსტრუმენტს ვიყენებდით უკანონო პატიმრობიდან მათ გასათავისუფლებლად. ეს მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, პრინციპულობას და მოთმინებას. ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო შედეგიანი. ასე იყო ზაზა გახელაძის შემთხვევაშიც.
პირველ ყოვლისა, მადლობა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, ამ პროცესში ჩართულ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყებას… განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც, ზაზას დაკავების მომენტიდან, დგამდა და კოორდინაციას უწევდა მისი გათავისუფლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.
ზაზა გახელაძის გათავისუფლება კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ყურადღებას აქცევს, იცავს და ზურგს უმაგრებს მათ.
რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და საქართველო გამთლიანდება,“ – ირაკლი ბერაია.
ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.











