ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოსავალი შეიძლება ხალხის ქუჩაში გამოსვლაში იყოს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი განმუხტვის გზა ვადამდელი არჩევნებია.
“მე არ მომისმენია კონკრეტულად ეს ფრაზა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არსებობენ ცალკეული ოპოზიციური პარტიები, ლიდერები, შეიძლება უმრავლესობაც კი, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შიგნით, რომელიც ფიქრობს, რომ, საბოლოო ჯამში, გამოსავალი შეიძლება იყოს ეგ. ისე დამძიმდეს ქვეყანაში, პირველ რიგში, ეკონომიკური პრობლემების გამო სიტუაცია, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში.
ოღონდ, ეს პასუხისმგებლობა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის კი არ იქნება, რომელიც შეიძლება ამაზე ოცნებობდეს, ან ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ ხელისუფლებაზე, რომელიც უარს ამბობს ამ პოლიტიკური კრიზისის სტანდარტული პოლიტიკური გზით განმუხტვაზე. სტანდარტული პოლიტიკური გზა, ყველა განვითარებული დემოკრატიულ ქვეყანაში, არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც განმუხტავს ამ სიტუაციას,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.











