ინგლისში დღეიდან ახალი საყოველთაო შეზღუდვები ამოქმედდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა
ახალი ზომები ძალაში თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება. მოქალაქეები ვალდებულები არიან, სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა, საცხოვრებელი არ დატოვონ.
ამ დროის განმავლობაში, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაღაზიები და სილამაზის სალონები. რესტორნები კი, მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.
ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000 აღემატება.
ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით, საერთო ჯამში, 2 713 563 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 75 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.











