საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა და სახელმწიფო იძულებული გახდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ეს არის მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც კანონის პატივისცემა არის უზენაესი. ოპოზიციის მხრიდან სიტუაცია ინსპირირებულია პროვოკაციულად, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ სცენარის, რომლის განვითარებასაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით. ეს არის მცდელობა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ნიკა მელია არის სიტუაციაში მეწამული ადამიანი, რეალურად, ეს ადამიანი კანონს ფეხქვეშ თელავს. ამიტომ, სახელმწიფომ ის ზომები მიიღო, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში განხორციელდებოდა“, – განაცხადა მიქანაძემ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











