ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევამციროთ კონტაქტები, – ამ სიტყვებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ვიცი, რომ ეს ყველასგან დიდ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა. სიტუაცია შემაშფოთებელია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენ მეორე ტალღა გვაქვს და ეს ხდება მთელს ევროპაში. ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევამციროთ კონტაქტები. კომენდანტის საათის დროს აუცილებელ შემთხვევებში ადამიანებს შეეძლებათ სახლიდან გასვლა. კანონის დამრღვევები 135 ევროთი დაჯარიმდებიან“,- განაცხადა მარკონმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება.











