ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაკეტილ რესტორანში მოხდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია.
კორპუსში მცხოვრები პირების თქმით, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
პირველადი ინფორმაციით, ორი ადგილობრივი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. მათი ნანგრევებიდან ამოყვანა მაშეველებმა შეძლეს.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტურია.
„სარდაფში დაგვხვდა ორი ზრდასრული ადამიანი. ამოიყვანეს, ნანგრევებში მოყვნენ სავარაუდოდ, ორივეს ჰქონდა დამწვრობა, იყვნენ სტრესში და გადავიყვანეთ კლინიკა „ევექსში” მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილურია“,- განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა გიორგი ქურდაძემ.
მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











