ახალციხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა. დაზიანებულ მანქანას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დამწვარი მანქანის მეპატრონე ექსპერტიზის დასკვნას და ბრალდებულის დაკავებას ელის. ამბარცუმ ბაბოიანი გვიყვება, რომ ქუჩიდან ხმაური გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე მოესმა, გარეთ გამოსულს კი მისი მანქანა ცეცხლში გახვეული დახვდა.
დეპუტატმა და მმართველი პარტიის წევრმა არ იცის, ვინ ცდილობს მისი ნივთის დაზიანებას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბაბოიანის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. დეპუტატს 2017 წლის ორ დეკემბერს მანქანა სპორტსკოლასთან აუფეთქეს. ხელყუმბარის ნამსხვრევების კვალი ავტომობილს ამ დრომდე ემჩნევა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ახლანდელ შემთხვევას სამი წლის წინანდელთან კავშირი ჰქონდეს.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











