პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს.
როგორც იგი ამბობს, მიუხედავად ნიკა მელიას განცხადებებისა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ელისაშვილის მიმართ კეთდებოდა, მან იმუნიტეტის მოხსნას მხარი მაინც არ დაუჭირა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ამ მოვლენების შემდეგ იგი ოპოზიციასთან რაიმე სახის თანამშრომლობას, ალეკო ელისაშვილი პასუხობს:
„ოპოზიციაზე ხელი კაი ხანია ჩვენ ჩაქნეულ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ახლა მართლაც ერთიანია და იქ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები უბრალოდ აღარ არსებობენ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.
უკვე მეორედ! პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა











