პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას კიდურებში მგრძნობელობა ეკარგება.
როგორც კრემლის კრიტიკოსის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა BBC-ს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.
ნავალნიმ, რომელსაც ფეხებისა და ხერხემლის ტკივილი აწუხებდა, რამდენიმე დღის წინ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლიტიკოსი ქალაქ პოკროვის ციხის საავადმყოფოს სამკურნალო პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ნავალნი შიმშილობას აგრძელებს.











