აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს, ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარსა და ეროვნული დაზვერვის უფროს ჰაკან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის შექმნას.
მისი თქმით, ერთობლივი ცენტრის მუშაობაზე აზერბაიჯანული მხარე თურქ და რუს კოლეგებთან გამართავს მოლაპარაკებებს, რათა ცენტრი უმოკლეს დროში შეიქმნას.
„ეს არის რეგიონში თანამშრომლობის ახალი ფორმატი. ჩვენ ყოველთვის გვსურდა, რომ თურქეთსა და რუსეთს შეესრულებინათ ერთნაირი როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და დღეს ამას მივაღწიეთ“,- აღნიშნა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.











