“ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც – უკვე მომწიფდა სიტუაცია, როცა აუცილებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს დესტრუქციულ ძალას ოპოზიციაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციური პარტიები სავარაუდოდ, იბრძოლებენ მეორე ადგილებისთვის. ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ-ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც გამომდინარე იქიდან, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არაფერი გაეკეთებინა დეესკალაციისთვის და პირიქით, დესტრუქციაზე გადასულიყო.
ჩვენ განცხადებები ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უკვე გავუგზავნეთ, რათა ჩამობრძანდნენ და დაესწრონ არჩევნებს, რათა მოისპოს ყოველგვარი სპეკულაციები ე.წ გაყალბებასთან ან დაშინებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.









