დღეს აჭარის განათლების სამინისტროში საზოგადოება „ბათომის“ ადმინისტრაციული საჩივრის, ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ, ზეპირი მოსმენა გაიმართა.
„ჩემთვის ავტორიტეტი არის კანონი და მოცემულ შემთხვევაში კანონი არის დაცული”- განაცხაშა „ამბასადორი ბათუმის“,- დირექტორმა გოჩა კამკიამ.
როგორც გოჩა კამკია აცხადებს, ადმინისტრაციული წესით საჩივარის განხილვას მიესალმება, რადგან ექნება შესაძლებლობა ყოველმხრივი გარემოებების გამოკვლევით კიდევ ერთხელ მოხდეს არსებული საკითხის გადამოწმება.
მისივე განცხადებით, „ამბასადორი ბათუმმა“ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა იმ დოკუმენტაციით, რაც საჭირო იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროექტზე სამშენებლო ნებართვის მიღებისთვის.
„საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ ფაქტში, რომ „ამბასადორი ბათუმს“ არ დაუწყია მშენებლობა ბულვარში ცარიელი მიწის ნაკვეთზე, არამედ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არსებული შენობა- ნაგებობა, რომელსაც ქონდა ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ობიექტის სტატუსი.
აქედან გამომდინარე, დღეს მდგომარეობით მიმდინარეობს აღნიშნული შენობა-ნაგებობის განვითარება და არა ცარიელი მიწის ნაკვეთზე მშენებლობა.
პირველი შემთხვევა იყო პრაქტიკაში, რაც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, რომ ერთდროულად წარდგენილი იყო ორი ხელოვნებათმცოდნის დასკვნა ნებართვის გაცემისას. ჩართული იყო მერია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, შესაბამისად ეს არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ჩვენს მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც არის მომზადებული მაღალავტორიტეტული და დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ, წერია, რომ მსგავსი მოცულობა დასაშვებია ამ ობიექტზე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ გვაქვს სიმაღლის შეზღუდვა. მოქმედი კანონმდებლობა მაგავსი ნებართვის გაცემას არ კრძალავს, თუ კი არის სპეციალისტების დასკვნა“, – განაცხადა გოჩა კამკიამ.
სხდომას არ ესწრებოდა აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი. საქმე განიხილა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ სირიამ.
შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რასაც არაერთი აქცია მოყვა. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
საზოგადოება “ბათომი” და EMC-ი ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის ნებართვის კანონიერების შესწავლასა და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











