„დღეს ხელი მოეწერება ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, “ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” საშუალებით, 330 მილიონი დოლარი გამოყოს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის”,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
მისი თქმით, ეს აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
“ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების გამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა. ის გააძლიერებს საქართველოს გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს და სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.











