“ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან პატრიარქს, ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის აშშ-ის ელჩი. მე ვიცი, თუ რამე გაგვიჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენ უნდა წავიდეთ და აშშ-ის ელჩს უნდა ვთხოვოთ დახმარება… პარლამენტის პირველ სხდომაზე აშშ-ის ელჩი იყო მისული სტუმრად, ესწრებოდა სხდომას, მერეც მოგვიწოდა, შედით პარლამენტში. მე სულ ვამბობდი, ეს ხალხი ჩვენკენ რომ არ არის”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი ოპოზიციისკენ არაა. ამავე დროს, ხალხი აქციებზე არ დადის, ამიტომ ქვეყანაში უიმედო პოლიტიკური კრიზისია.
“ჩვენ ყველა მეგობარს ეტყობა ოპოზიციისკენ არის თუ ხელისუფლებისკენ. ჩვენ თუ მართლა თვალს არ დავიბრმავებთ, პარლამენტის პირველ სხდომაზე აშშ-ის ელჩი იყო მისული სტუმრად, ესწრებოდა სხდომას, მერეც მოგვიწოდა, შედით პარლამენტში. მე სულ ვამბობდი, ეს ხალხი ჩვენკენ რომ არ არის, მოდი, რამე გავაკეთოთ, რათა ჩვენკენ იყოს, თორემ ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ. წარმოიდგინეთ, გაქვს ბოიკოტი და ხალხი ვისი იმედიც გვაქვს, გეუბნება, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შენ ნაცვლად იმისა, დაარწმუნო ისინი, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, აკლიათ რაღაც, დაამატო ინფორმაცია, ელოდები, როდის შეიცვლება მისი უფროსი, უბრძანოს ვიღაცამ, რომ პოზიცია შეიცვალოს. ეს ჩემთვის პირველივე დღიდან მიუღებელი პოზიცია იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.











