პარტია „გირჩი“ თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „ღამის კურიერში“ იმ შეცდომებზე საუბრობს, რომლებიც პარტიამ დაუშვა.
„მემგონი ბევრი შეცდომა დავუშვით და უნდა გადავიაზროთ სხვანაირად მთელი პროცესი რასაც ვაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებლობა შანსია იმისა, რომ საერთოდ ყველაფერი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ვაკეთებდით.
ცხადია “გირჩის” გაყოფა ამომრჩევლისთვის შეცდომა იყო და ამაზე ორივე მხარეს გვიპასუხა, მაგრამ ამის გარდა, ჩემის აზრით ბევრი შეცდომები დავუშვით. ჩვენ ზედმეტად ავყევით მედია მეინსტრიმს და ზედმეტად დავინტერესდით იმ თემებით, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა მედიის აზრით. ამით კი, რეალობას ავცდით.
ჩვენ ამომრჩეველმა დაგვსაჯა არასწორი ნაბიჯების გამო. “პორშეს” გათამაშებაც შეცდომა იყო და ზოგადად ეს არასწორი დაპირება იყო, ჩვენ არ ვართ ლატარია და ამ ფაქტმა სხვა ადამიანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „გირჩმა“ 0,95% მიიღო.










