„ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან განაცხადა.
როგორც ბოკერია ამბობს, თუ ეს ასე არ მოხდება, პროცესში მონაწილება არც ერთმა ძალამ აღარ უნდა მიიღოს.
„ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა და პრო-პუტინისტურმა ძალებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ რაც მოხდა გუშინ, ჟურნალისტის გარდაცვალება, ასევე, ამ საზიზღრობის შემდეგ რაც მოაწყო გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც შეიძლება ამ პარლამენტმა შეასრულოს არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება და თუ ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერჯერობით, ვერანაირს ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი.
ამიტომ,მინდა მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, რომლებთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება,მაგრამ ეს ახლა, უნდა დავივიწყოთ – ახლა, ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს არის ღარიბაშვილის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილსა და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს, ახლა ამ პარლამენტში. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის,რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად”, – აცხადებს ბოკერია.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
გუშინვე ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.










