ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს დესტრუქციის განხორციელების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენება იყო.
„გირაოს გადახდა იყო იმის დემონსტრირება, რომ სააკაშვილს უჩვენეს წითელი ბარათი, რომ მის მიზნებს – განახორციელოს საქართველოში დესტაბილიზაცია რუსული სცენარით ნიკანორ მელიას ინსტრუმენტად გამოყენებით – არ ექნება პერსპექტივა. სწორედ ეს გააკეთა ევროკავშირმა, ევროპულმა ინსტიტუციებმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ განიცადა თვითლუსტრაცია, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. აქ საბოლოოდ გაშიშვლდა მათი რეალური სახე. რაც შეეხება მათ მიზნებს, ფაქტია, მათ აქვთ მიზანი, რომელიც არ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ისინი მოქმედებენ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, თუმცა, არც „ქართული ოცნება“, არც ჩვენი საზოგადოება და არც სტრატეგიული პარტნიორები ამ დესტრუქციულ ჯგუფებს არ აძლევენ გასაქანს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.









