აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. მათი შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი გახდა მორიგი მიზეზი „ისტერიის“ და „პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.
ოფიციალური სოხუმი მოუწოდებს გალის მცხოვრებლებს, „სახელმწიფო საზღვარი“ ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით გადაკვეთონ.
„როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე მისი პოლიტიკური ოპონენტები იმდენად არ არიან ადამიანთა სიკვდილით შეწუხებული, რამდენადაც იყენებენ შესაძლებლობას, მოახდინონ საკუთარი უსაზღვრო პატრიოტიზმის დემონსტრირება და კიდევ ერთხელ თავს დაესხან რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმის თქმით, აბსოლუტურად უადგილოდ მიაჩნიათ თბილისის ნებისმიერი მცდელობა მომხდარის პოლიტიზირების. მათივე შეფასებით, ეს არის იაფფასიანი მცდელობა, ქართველმა პოლიტიკოსებმა გამოიმუშაონ პოლიტიკური დივიდენდები ამ ადამიანების ტრაგიკული დაღუპვით.
დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ამ ინციდენტის გარემოებებს იძიებენ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სამართალდამცავი ორგანოები. დე ფაქტო მინისტრი დაურ კოვე უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
მდინარე ენგურში დაღუპულთა პატივსაცემად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადა. ზუგდიდის სოფელ შამგონასა და ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე 7 აპრილს,ოკუპირებული გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი იპოვეს.
მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია. ოთხივე დაღუპულის ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაასვენეს. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, დე ფაქტო მთავრობა კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.
გალელები ითხოვენ,როგორც ენგურის ხიდზე შეუზღუდავი მიმოსვლის აღდგენას, ასევე ცენტრალური ხელსუფლების მიერ დაწესებული სავალდებულო 5 დღიანი კარანტინის მოხსნას.
ავტორი: თეა შონია











