ენგურის ხიდი ამ დროსთვის ცალმხრივად ჩაკეტილია. გადაადგილებას მგზავრები ახერხებენ მხოლოდ ზუგდიდიდან ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით.
ორივე მიმართულებით კი მარტო ენგურჰესის თანამშრომლები გადაადგილდებიან.
იქვე ხიდთან მდგომი ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ცალმხრივად ხიდი დღეს დილიდან ჩაიკეტა, თუმცა რა მიზეზით, მათ არ იციან.
ზუგდიდიდან აფხაზეთში მიმავალმა მგზავრმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხიდი ცალმხრივადაა ჩაკეტილი, თუმცა ვინ ჩაკეტა,მისთვის უცნობია.
ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვასთაბ დაკავშირებით სუს-ში განმარტება გააკეთეს.
მათივე თქმით,საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის სამედიცინო დახმარების საჭრიოების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.
დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
ავტორი: თეა შონია











