საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა, – ამის შესახებ განცხადება ბუნდესტაგის დეპუტატმა, აქსელ ფიშერმა Facebook-ის საშუალებით გააკეთა.
ის იმედოვნებს, რომ შაბათ საღამოს ხალხისთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა ექნება.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. გასული წლების განმავლობაში წარმატებით გატარებულმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებმა ამისთვის მყარი საფუძველი შექმნა.
ხსენებული დემოკრატიული რეფორმების გატარება ხდებოდა იმ წინსვლის პარალელურად, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით განიცადა. მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნებას – მისწრაფებას, რომელიც ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველომ თავისთვის ამოცანის სახით ჩამოაყალიბა.
არჩევნები წარმოადგენს სრულიად განსაკუთრებულ დემოკრატიულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები წყვეტენ, თუ რომელი პოლიტიკური პროგრამები უნდა იქნას გატარებული და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა საფუძვლიანი გააზრების შედეგად მოხდეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ შაბათ საღამოს მქონდეს მათთვის დემოკრატიული არჩევნების წარმატებულად ჩატარების მილოცვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ფიშერმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











