„მე არ მაინტერესებს პოროშენკო, არ მაინტერესებს პოლიტიკური დევნის საკითხები, ვინაიდან ამით დაკავებული არ ვარ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას 112.ua ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი განზრახ ცდილობს თავისი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, რათა ყველამ იფიქროს, რომ უკრაინაში პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზე პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ეს საქმე ეხება უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე სერგეი სემოჩკოს დანიშვნას. კერძოდ, გამოძიება ამტკიცებს, რომ 2018 წელს პოროშენკომ ხელი მოაწერა „უკანონო ბრძანებას“, რომელმაც უბიძგა საგარეო დაზვერვის ყოფილ უფროსს უფლებამოსილებისთვის გადაეჭარბებინა და პოროშენკოს ბრძანებით მოადგილედ დაენიშნა სერგეი სემოჩკო.
10 ივნისს პოროშენკო პროკურატურაში ასევე დაკითხეს ცნობილი მხატვრების 43 ტილოს კონტრაბანდის საქმეზე.
1-ელ ივლისს კი სასამართლო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.











