მე ვბრუნდები! – მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, რომენ გოცირიძეს ესაუბრა:
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ არჩევნებში იმარჯვებს ოპოზიცია და იცვლება ხელისუფლება. სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ გამოიტანა არასწორი განაჩენი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის დაბრუნდება საქართველოში.
არ მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში არჩევნებამდე დაბრუნდეს, მას უკრაინაში აქვს სერიოზული საქმეები და მეორეც, ამ არჩევნებამდე მისი დაბრუნება ნიშანვს ხელისუფლების მხრიდან კვლავ გაგრძელებას… ის ბრუნდება საქართველოში არჩევნების შემდეგ და ერთვება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, -განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე, დადასტურდა თუ არა საკუთარი განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა, რომ ის “ნაცმოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება, გოცირიძე გვპასუხობს:
„ნაცმოძრაობა“ სულ მალე გადაწყვეტს ჩრდილოვანი კაბინეტის სახით გავა თუ არა არჩევნებზე, თუ ასე იქნება, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც ეყოლება. ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, განხილვა პოლიტიკაზე და სულ მალე მივიღებთ გადაწვეტილებას“,- განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხდა, რომ ის „საქართველოში ბრუნდება“.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










