„ცესკოს“ თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი ნება და მივიდა არჩევნებზე, ამიტომ მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
როგროც ჟვანია აღნიშნავს, „ცესკო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე მივიდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესი, ყველა დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოებში და ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საარჩევნო პროცესი, ბოლომდე მივიყვანოთ შედეგების დაკორექტირება და ოფიციალურ მონაცემებში ასახვა.
რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რომელმაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს. ძალიან მაღალი იყო აქტივობა პანდემიის პირობებში, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდა ასეთ რთულ ვითარებაში. ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი პასუხისმგებლობით გამოხატეს საკუთარი აზრი არჩევნებზე. ამიტომ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ და პატივი ვცეთ მათ მიერ დაფიქსირებულ ნებას“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. დღეს ოპოზიციის წარმოამდგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაც გამართეს. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადადგომაცაა.











