დღეს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირებისა და კარანტინის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, საკარანტინე ღონისძიებები მხოლოდ ერთ სოფელში, ჯიხანჯურში, მოქმედებს და არა რამდენიმე სოფელში.
მერის ინფორმაციით, კარანტინი არ გულისხმობს ამ სოფელში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას.
ცოფის დაფიქსირებასთან დაკავშირებით სოფელი ჯიხანჯური საკარანტინე მიზნებისთვის გამოცხადებული არის დროებით არაკეთილსაიმედო ტერიტორიად, რაც თავისთავად გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ღონისძიებების დაწესებას, როგორიცაა, საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე ქუჩაში შინაური ცხოველების გამოყვანის, გამოფენების, ვაჭრობის, სანადიროდ წაყვანის აკრძალვა და შეზღუდვა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე არის განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, საეჭვო ცხოველების იზოლირებასა და ლიკვიდაციას, საეჭვო ცხოველთა სადგომების სრულ დეზინფექციას. იმ ოჯახებში, სადაც იქნა დაფიქსირებული აღნიშნული გადამდები საშიში დაავადება, სრულად არის ვაქცინაცია განხორციელებული ოჯახის წევრებზე. ასევე კერის დაფიქსირებიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულად არის განხორციელებული ვაქცინაცია.
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი აჟიოტაჟისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს დაავადება მხოლოდ დაუფიქსირდა რამდენიმე ცხოველს, არ არის დაფიქსირებული ადამიანების ინფიცირების შემთხვევები. შესაბამისად არანაირი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
მოსახლეობას სიმშვიდისკენ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად აიყვანონ კონტროლზე შინაური ცხოველები, არ გამოიყვანონ ქუჩაში სასეირნოდ, არ მოაწყონ ვაჭრობა, არ წაიყვანონ სანადიროდ , ცხოველებისგან მიღებული პროდუქტი, პირველ რიგში რძე, უნდა იყოს სათანადო წესით პასტერიზებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას აღნიშნული დაავადების პრევენციისა და ლიკვიდაციისთვის”- განაცხადა მირიან ქათამაძემ.
რაც შეეხება მოსახლეობაზე დახმარებას, მერის განცხადებით, ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც ეხება მოქალაქეების ობიექტურ შეზღუდვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ყოველთვის აცხადებს მზაობას, რათა შესაძლებლობის ფარგლებში არსებული რესურსის გათვალისწინებით მოსახლეობას გვერდით დაუდგეს.
“თითოეულ ასეთი შემთხვევა, თითოეული განცხადება აუცილებლად იქნება განხილული ინდივიდუალურ რეჟიმში და შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს არსებული შესაძლებლობის ფარგლებში”- განაცხადა მირიან ქათამაძე.
ავტორი: ნაირა ქათამაძე











