გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად მელია საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა.
„მსგავსი არასოდეს არავის არ უნახავს. ყველა უბანზე დილის რვა საათიდან დგას ხალხი რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა მოსახლეობის უმრავლესობას. ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეაბამს. საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის. ჩემი აზრით ეს შეთქმულება გამოიხატება დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. შეუძლებელია ეს აქტივობა განპირობებული არ იყოს ნორმალური ცხოვრების შანსით. ყელში ამოუვიდა ყველას ცინიზმი და დაცინვა. თითქოს ყველაფერი კარგად არის 8 წლის მანძილზე. თითქოს ყველაფერი ისე არის როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და ხალხს არ უნდა, მაგრამ მერე რა, თქვენ მაინც ბედნიერები უნდა იყოთ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხომ არის ბედნიერი?
პასუხი იქნება ღირსეული, მშვიდი და უდრეკი, ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. ოლიგარქს არ ექნება გაქანება. ხვალიდან ასპარეზი ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას და არა ერთი ადამიანის სურვილებს.
არ მახსენდება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს ელჩი დილიდანვე საარჩევნო კომისიაში მისულიყო. ეს ნიშნავს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არის ქართველი ხალხის გვერდით და არჩევანს არავის მოაპარინებენ.
როგორც არასდროს ერთ მუშტად ვართ შეკრული დღეს. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ვფიქრობ 2012 წელზე მაღალი აქტივობა იქნება.
ყველა საჯარო მოხელეს მივმართავ, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში – ხალხო თქვენი ბედი არის ხალხის ხელში. ხელი არ წაგიცდეთ, იყავით მშვიდად, დაელოდეთ შედეგების გამოცხადებას საღამოს 8 საათზე და იფიქრეთ საკუთარ მომავალზე.
არ გქონდეთ განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში იქნება და იქნება. განსაკუთრებით პოლიციის უფროსებს მივმართავ. საქართველოს სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა ბატონ კობახიძეს, მდინარაძეს და ივანიშვილს. თქვენზე არის დამოკიდებული შეუქმნით თუ არა პრობლემებს საკუთარ თავს. არანაირი რევანში არ იქნება, თუ არჩევნების დღეს მოიქცევით ისე, ჩემი გუნდის სახელით გეტყვით, თუ არ არის ჩადენილი მძიმე დანაშაულობები, ეპატიება. იმიტომ რომ რევანშის დრო არ არის. ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმიტომ რომ ვიღაცას ვდიოთ.
ამისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, უბრალოდ გამონაკლისი იქნება ვინ და რა. თუ არჩევნების დღეს, რომელიმე შეეცდება არჩევნების გაყალბებას და იქნება მხილებული, ამ ადამიანს ვერც ხალხის რისხვა აცდება და ვერც მართლმსაჯულების სისხლიანი ხელი” – განაცხადა საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ნიკა მელიამ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.










