„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სირცხვილის დერეფანი თავიდან საზოგადოებამ ისე აღიქვა, თითქოს ხალხი აპირებდა საარჩევნო უბნებთან დადგომას, ხმაურს.
ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ უბნების შორიახლოს მდუმარე აქციის ჩატარებაში არაფერია ცუდი.
„როგორც ვიცი, აჭარაში საუბარი იყო მდუმარე აქციებზე. უბრალოდ, ხალხი უბნის შორიახლოს მდუმარედ რომ დამდგარიყო. სწორი ფორმა არ არის, როცა საარჩევნო უბნებთან კრიმინალები დგანან, თორემ, ადამიანები ჩუმად რომ დგანან, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. სირცხვილის კორიდორი სხვანაირად იქნა აღქმული, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ იგეგმება. შედგება თუ არა, ისიც არ ვიცი“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიცია სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავს, თუმცა მათ რამდენიმე პარტია მხარს არ უჭერს.











