„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებას, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევების გამო, მოქალაქეზე მკაცრი სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აფასებს.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა დადებითად შესაძლოა შეფასდეს, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით, ხარვეზები არსებობს.
„პრობლემა, პირველ ყოვლისა, არის კანონის აღსრულებაში. 30 წელია სისხლის სამართლის, საარჩევნო თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაწერილი არის მთელი რიგი მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს სხვადსხვა სანქციებს სხვადასხვა დარღვევისთვის, მათ შორის, არის პატიმრობაც. რაც ჩემთვის არის ცნობილი, კანონდარღვევის გამო, არასდროს არავინ დასჯილა. დღემდე იძიებს პროკურატურა 19 წლიანი დარღვევის საქმეებს, რომლებშიც საუბნო კომისიების წევრების მხრიდან აღიარებითი ჩვენებები არსებობს”,- განაცხადა ხმალაძემ.
კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რას სანქციებს ითვალისწინებს დღეს არსებული კანონმდებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის უფლებები დაირღვა.
„სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობა ან ძალადობის მუქარა წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს, დღეს ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
თუ ამომრჩევლის უფლებები დარღვა საარჩევო კომისიის განთავსების ადგილას ან კომისიის მიმდინარე ტერიტორიაზე, თუ ამან გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, მაშინ არის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯგუფურად ჩადენილი თუ არის – 2-დან 5 ლარამდე.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დღეს ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
ესე იგი, ამ ნაწილებში უბრალოდ სასჯელის დამძიმება ხდება. აქ თუ ორ წლამდეა, პროექტში არის 3 წლამდე გათვალისწინებული“,- განაცხადა ხმალაძემ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე









