მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„მე არასდროს არ გავრბივარ შუა საქმიდან, ყოველთვის მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. ჩემი წარმატების ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომ როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდე ამით, ყოველთვის უნდა ეძებო მეტი. იგივეა ჩემს ქალაქთან მიმართებაში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, ბევრი კარგი პროექტი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და მე თბილისელებს ვერ ვეტყვი იმას, რომ ნახეთ ჩვენ რა მაგრები ვართ, რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ. რამდენი კარგიც გავაკეთეთ იმაზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი პრობლემაა დედაქალაქში, რომელსაც სჭირდება მოგვარება, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი,“ – ამბობს კალაძე.











