პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რა ფორმით, გადაწყვეტილი არ აქვს. ამის შესახებ კობერიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
„საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუმცა დანარჩენზე არ ვარ ჩამოყალიბებული. არ მაქვს გადაწყვეტილი, რა ფორმით და ვისთან ერთად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას.
რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ მთლიანობაში, მერე იქნება არჩეული შესაბამისი ტაქტიკაც, იქნება მაჟორიტარული თუ – არა”,- განაცხადა კობერიძემ.
კობერიძე არ აცხადებს, აწარმოებს თუ არა პარტიასთან ” ლელო-საქართველოსთვის” პოლიტიკურ კონსულტაციებს.
ინფორმაციისთვის, მმართველი პარტიის ყოფილი წარმომადგენელი ლევან კობერიძე „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციაშია, რომლის წევრების ნაწილმა პარტია შექმნა, თუმცა კობერიძე პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსში“ არ გაწევრიანდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











