ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საპარლამენტო სიის ოცეულში მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე სიის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს ესაუბრა. მან განაცხადა, რომ არჩევნებში ქართული ოცნება 50 პროცენტზე მეტს აიღებს.
„ჩვენ პატრიოტების და პროფესიონალების გუნდი წარვადგინეთ. მათ წარმატებული საქმის კეთების გამოცდილება აქვთ. ჩვენ უნდა გადავიდეთ ისეთ პოლიტიკაზე, სადაც პოლიტიკოსები გადასულები არიან საქმის კეთებაზე და არა – საუბარზე.
ასე, რომ პატრიოტიზმისა და საქმის კეთებით ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდის ოცეული, რომლითაც გავაძლიერებთ არამხოლოდ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს, არამედ – საქართველოს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს.
სპორტსმენებიც სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩნენ, როგორც სხვა დანარჩენი წევრები. ესენი იყვნენ თავიანთი საქმის ერთგულნი და იბრძოდნენ საქართველოსთვის.
„ახალი სახეები“ ბოკერია და ნათელაშვილი ამბობენ, რომ ახალი ვერაფერი შევთავაზეთ. მათ თავად განახლების რესურსი არ აქვს, შემოგვთავაზეს მაჟორიტარ კანდიდატებად მობეზრებული სახეები.
ქართულ ოცნებას კოალიცია არ დასჭირდება. საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ პროგრამას, რომელიც ეფუძნება გამოცდილებას, კრიზისების მართვას.
არჩევნებში ქართული ოცნება 50 პროცენტზე ბევრად მეტს აიღებს.” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო სიის ოცეულის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მმართველი პარტია პირნათელია ქართველი ხალხის წინაშე.











