“ფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმი უნდა გადავდოთ გვერდზე, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში (სხვათა შორის, გუშინ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით შეხვედრაში, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, მათ შორის ქართველმა მონაწილეებმა ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა) ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას. მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
როდესაც პარლამენტში შემოსვლაზე და ჩართვაზეა საუბარი, რამდენიმე ზედაპირული კომენტარი მოვისმინეთ, თითქოს, პარლამენტში ოპოზიციის ჩართვა და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში, აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ასეთი კომენტარებიც კი მოვისმინე.
მინდა პირდაპირ ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში.
კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობას. მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია.
ვეხმაურებით მოთხოვნას, სადაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმი უნდა გადავდოთ გვერდზე, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას“,-აცხადებს თალაკვაძე.










