მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკებები დაიწყო და უკვე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, არაერთხელ მითქვამს, რომ შეთანხმებით ამ ყველაფრის დასრულებისთანავე, მიმაჩნდა, რომ საჭირო იქნებოდა ჩემი წასვლა ამ პოსტიდან და დღეს ვთვლი უკვე, რომ როდესაც გვყავს პარლამენტში კონკურენტული ოპოზიცია, ჩემი ადგილი არის დარბაზში, ჩემს კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„დღეს ყველა ხედავთ, რომ ჩვენს მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმებით, გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც არაერთ ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ საკუთარი ხედვები, საკუთარი პროექტები წარმოადგინონ, იკამათონ, შევიდნენ დებატებში და სწორედ ეს გვსურდა, და მე სწორედ ამიტომ ვმონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში. მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვხელმძღვანელობდით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით და დღეს ყველა ხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება ნორმალურ კალაპოტში. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, პარლამენტს, რა თქმა უნდა, ჯობს, რომ გაუძღვეს ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირ მხარე ამ მოლაპარაკებებში, ვინაიდან, მე, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს, მოგვიწევს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დებატები, მნიშვნელოვანი განხილვები და დისკუსიაში შესვლა ხელმომწერ ოპოზიციასთან, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენდით პარტიას ამ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











