„ეს დღე გვაკისრებს ყველას პასუხისმგებლობას ჩვენი წინაპრების ხსოვნის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომ განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს წინ, ევროინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი გზა აქვს და ახლანდელი თაობა განსაკუთრებულ სიტყვას იტყვის ქვეყნის აღმშენებლობაში.
„დღეს განსაკუთრებული დღე და განსაკუთრებული თარიღი გახლავთ და ძალიან ამაღელვებელია იმის წარმოდგენა, რომ 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს დღე გვაკისრებს ყველას პასუხისმგებლობას ჩვენი წინაპრების ხსოვნის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომ განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება და ერთიანობა. როდესაც 100 წელზე მეტია უკვე გასული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, რა თქმა უნდა, საქართველო განაგრძობს პროგრესის შექმნას, განაგრძობს თავისუფლების განმტკიცებას და განაგრძობს განვითარებას, რაც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება. საქართველოს წინ, ევროინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი გზა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობაც განსაკუთრებულ სიტყვას იტყვის ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.











