„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა ბათუმის მეექვსე უბანზე თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხულოში, ბათუმში და მთელ საქართველოში მთავრდება ის კატასტროფული მმართველობა, როცა პოლიტიკოსსა და ხალხს შორის ყრუ კედელია აღმართული.
„დღეს ჩემი ხმა უერთდება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქის ურყევ ნებას, საქართველოში დასრულდეს თვითმარქვია პოლიტიკოსების სამარცხვინო ეპოქა და ჩვენ დავიწყოთ ერთხელ მაინც პოლიტიკა, რომელიც იქნება სამართლიანი, ადამიანური და უზენაეს ფასეულობებზე დამყარებული, როცა გამარჯვებული არ ჰყოფს საზოგადოებას თავისიანებად და უცხოებად. არამედ არის არჩეული განსაზღვრული ვადით.
მე ამ პოლიტიკას ვაძლევ დღეს ხმას. მჯერა, რომ საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ეს ისტორიული დღეა. როდესაც მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყანა მისია, ყველა რესურსი მისია და მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი საზოგადოება, ეს მთავრდება დღეს. მე მჯერა, რომ ეს ბოლო დღეა ამ არანორმალური ვითარების“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











